კრიპტო და ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები

Home » სიახლეები » კრიპტო და ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები
19/07/2024
კრიპტო და ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები

წელს 60-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება არჩევნები, მათი გავლენა ეკონომიკაზე გარდაუვალია – Goldman Sachs-ის კვლევის მიხედვით, არჩევნების პერიოდში მთავრობათა ხარჯები იზრდება, ცენტრალური ბანკების პოლიტიკა იცვლება, ხოლო ეკონომიკური გაურკვევლობა არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად იმატებს.

რამდენიმე კრიპტოგამოცემის აზრით, უკვე კვირებია, რაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები მაკრო ფაქტორად იქცა კრიპტოსთვისაც.

მაგალითად, ამერიკელი მილიონერი ბიზნესმენი, მარკ კუბანი თვლის, რომ სილიკონის ველისა და ვენჩურ-კაპიტალისტების მიერ ტრამპის თითქმის უპირობო მხარდაჭერა “ბიტკოინური სვლაა”. მან X-ის ანგარიშზე დაწერა, რომ “ტრამპის პრეზიდენტობა გააადვილებს კრიპტო-ბიზნესების ოპერირებას, SEC-ში მოსახდენი გარდაუვალი და საჭირო ცვლილებების ხარჯზე”.

მეორე მხრივ, ოთხშაბათს, ბიტკოინის 2%-ზე მეტ ვარდნას ზოგიერთი ანალიტიკოსი უკავშირებს პროგნოზებს ბაიდენის კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. შტატების დილის საბაზრო საათებში, ბიტკოინზე უფრო მკვეთრად გაუფასურდნენ Ripple-ის XRP, Polkadot-ის DOT და Cardano-ს ADA. ცვლილებები თანხვედრაშია Polymarket-ის “პროგნოზების ბაზარზე” არჩევნებიდან ბაიდენის გამოთიშვის 80%-მდე გაზრდასა და ტრამპის მოგების ალბათობის შემცირებასთან.

რამდენიმე დღის წინ, კრიპტო ბაზარი პოზიტიური განწყობით შეხვდა რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის მიერ ვიცე-პრეზიდენტად ჯეიდი ვენსის კანდიდატურის დასახელებასაც. საარჩევნო პერიოდში, რესპუბლიკური პარტიის ყველა დაწინაურებას კრიპტოში პოზიტიური დინამიკა ახლავს თან. თუმცა, წინასაარჩევნო გარემო, ისევე, როგორც კრიპტო, მერყეობითა და არასტაბილურობით ხასიათდება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved