ტერას ლუნას და მისი სტეიბლკოინის კრახმა, ყველაზე პოპულარულ სტეიბლკოინს, ტეზერსაც (Tether) შეუქმნა პრობლემები. ჯერ ერთი, მცირე ხნით, ტეზერმა (Tether) დოლართან ბმა დაკარგა – 95 ცენტამდე გაიაფდა. იმავდროულად, დაახლოებით 7 მილიარდით შემცირდა მისი საბაზრო კაპიტალიზაცია.
პლატფორმა „კოინგეკოს“ მონაცემებით, ტეზერის (Tether) ბრუნვა დაახლოებით 83 მილიარდი დოლარიდან, 76 მილიარდზე დაბლა (სამშაბათის მონაცემებით) ჩამოვიდა. ამასთან, კლება გრძელდება, რაც ინვესტორების შეშფოთებას იწვევს. შესაძლოა, ეს გამოწვეული იყოს იმით, რომ კრიპტო ბაზრის ვარდნის ფონზე, ინვესტორებმა გაუფასურებული ციფრული ვალუტების შესყიდვა დაიწყეს.
ტეზერის (Tether) სტეიბლკოინის (კოინებისტაბილური ფასით) მთავარი თავისებურება ისაა, რომ ის დოლარზეა მიბმული. ანუ, მისი ფასი, მუდმივად 1 დოლარის სიახლოვეს უნდა მერყეობდეს. სტეიბლკოინის ამ თვისების გამო, ინვესტორები მას ყიდულობენ მაშინ, როდესაც სხვა ციფრული ვალუტები ძვირდება და მიღებული მოგების განაღდება სურთ. პარალელურად, ისინი ბაზარზე სტაბილური ფასის მქონე ვალუტით რჩებიან, რომელსაც კრიპტო ვალუტების ფასის ვარდნისას იყენებენ.
მაგრამ ტერას კრახის ფონზე, ტეზერზე (Tether) აჟიოტაჟური ვაჭრობა დაფიქსირდა, რა დროსაც, ინვესტორები მის გაყიდვას ცდილობდნენ. ამის გამო, ტეზერის ფასი მცირე დროით, 0.95 დოლარამდე დაეცა.
სტეიბლკოინების უმეტესობის უზრუნველყოფა, ფიატური ვალუტების რეზერვებით ხდება. მათ რეზერვებში საკმარისი თანხები აქვთ იმისთვის, რომ აჟიოტაჟური გაყიდვების შემთხვევაში, მომხმარებლებს შეფერხება არ ჰქონდეთ.
მაგრამ არსებობს ეგრეთ წოდებული ალგორითმული სტეიბლკოინები, რომლებსაც ასევე აქვთ დოლართან ბმა, მაგრამ ეს მათემატიკური კოდის მეშვეობით ხდება. ასეთ კოინებს მიეკუთვნება ტერა USD (იგივე UST), რომელიც სულ რაღაც საათებში, 30 ცენტამდე გაუფასურდა.
ტეზერის (Tether) რეზერვების ბოლო გამოქვეყნებისას, ნაღდ ფულზე 4.2 მილიარდი დოლარი მოდიოდა, რეზერვების დიდ ნაწილს (34.5 მილიარდი დოლარი) კი დაუდგენელი სახაზინო ობლიგაციები შეადგენდა, რომელთა დაფარვის ვადა, 2 თვეზე ნაკლებია. რეზერვებში კომერციული აქტივები 24.2 მილიარდ დოლარს აღწევდა.
რა თქმა უნდა, სტეიბლკოინებსა და კრიპტო ბაზარზე არსებულმა ძლიერმა რყევამ, შეერთებული შტატების და ევროკავშირის რეგულატორთა ყურადღება მიიქცია. აშშ-ის ხაზინის მდივანმა ჯენეტ იელენმა კვლავ განაცხადა, რომ ციფრული ვალუტების ბაზარი რისკებთან არის დაკავშირებული და საჭიროა რეგულაციები, რაც ბაზრის სტაბილურობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.