ინფლაციის ზრდის კვალად, ბიტკოინი (BTC) გაიაფდა

Home » ბიტკოინი » ინფლაციის ზრდის კვალად, ბიტკოინი (BTC) გაიაფდა
13/06/2022
ინფლაციის ზრდის კვალად, ბიტკოინი (BTC) გაიაფდა

მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ, ინფლაციის ზრდა დააფიქსირა, ბაზრებზე რისკიან აქტივებზე მოთხოვნა კვლავ შემცირდა, რასაც ბიტკოინზე (BTC) და დანარჩენ კრიპტო ვალუტებზე მოთხოვნის კლება მოჰყვა. ამან კი ფასების ვარდნა გამოიწვია.

ბიტკოინის (BTC) ფასი 25 დოლარს ჩამოსცდა და ბოლო 18 თვის მინიმალური მაჩვენებელი განაახლა. კრიპტო ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია 1.04 ტრილიონ დოლარამდე დაეცა. ბიტკოინის (BTC) კაპიტალიზაცია კი ნახევარ ტრილიონს ჩამოსცდა. მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ციფრული ვალუტები არ გაიაფებულა, მათ შორის, ნეო.

ამგვარად, ბიტკოინის (BTC) ფასი დაუბრუნდა იმ არეალს, რომელსაც 2020 წლის დეკემბრის შემდეგ არ დაბრუნებია. და როგორც ჩანს, ახლა მიემართება იმ პიკისკენ, რომელიც 2017 წლის ბოლოს დააფიქსირა და რომელზე მაღლა სწორედ 2020 წლის დეკემბერში ავიდა.

რაც შეეხება შეერთებულ შტატებში ინფლაციას, ის 8.6 პროცენტამდე გაიზარდა, რაც 1981 წლის მაისის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. მაისის განმავლობაში, ფასების ზრდამ 1 პროცენტს მიაღწია. შედარებისთვის, აპრილში ფასების ზრდა 0.3 პროცენტი იყო, ანალიტიკოსები კი მაისში 0.7-პროცენტიან ზრდას ელოდნენ.

ბიტკოინზე (BTC) ფასების ვარდნის გამო, მაინინგზე მომუშავე მოწყობილობების ნაწილი არამომგებიანი გახდა და ეგრეთ წოდებულ საფასო დახურვის ზღვარზეა. ასეთებია „ავალონის“ A9 და S11 მაინერები. ამ ზღვრისგან შორს არის S19 და M30 მაინერები.

როგორც წესი, ბაზრებზე რისკულ აქტივებზე (რომელთა შორისაცაა ევრო, ეგრეთ წოდებული სანედეულო ვალუტები, აქციები და კრიპტოები) მოთხოვნის კლებას, დოლარის გაძვირება მოჰყვება, რომელიც ოქროსთან, იენთან და შვეიცარიულ ფრანკთან ერთად, რისკებისგან თავშესაფარ აქტივად ითვლება. ინფლაციის ზრდა, რისკიან აქტივებზე მოთხოვნის კლებას იწვევს და ინვესტორებს საკუთარი რესურსები დოლარზე გადააქვთ. ასეთი ვითარება კი ძირითადად, კრიზისულ სიტუაციებში იქმნება.

ამჯერად კრიზისის მიზეზი ისაა, რომ კორონავირუსის პანდემიით დასუსტებული ეკონომიკის მხარდასაჭერად, განვითარებულმა ქვეყნებმა, ათეულობით მილიარდი დოლარი დახარჯეს, რამაც ბაზარზე ფულის სიჭარბე გამოიწვია. ამას კი შედეგად ინფლაციის ზრდა მოჰყვა.

რა თქმა უნდა, სიტუაციას ართულებს უკრაინაში რუსეთის შეჭრა, რასაც პასუხად, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები და უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის დახმარება მოჰყვა. რუსეთისთვის გამოწერილი სანქციები, ბიზნესის ყველა სფეროს, მათ შორის, ენერგო რესურსების ბაზარსაც შეეხო. სწორედ საწვავის გაძვირებაა ინფლაციის ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორი.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved