Bloomberg – აშშ-ს დეფოლტი ბიტკოინის პოპულარობას გაზრდის

Home » ბიტკოინი » Bloomberg – აშშ-ს დეფოლტი ბიტკოინის პოპულარობას გაზრდის
18/05/2023
Bloomberg – აშშ-ს დეფოლტი ბიტკოინის პოპულარობას გაზრდის

„ბლუმბერგ მარკეტს ლაივ პულსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ შეერთებული შტატების დეფოლტის (აღებული ვალების არდაბრუნება) შემთხვევაში, ინვესტორების დიდი ნაწილი, საკუთარი ფულადი სახსრების შესანახად და დასაგროვებლად, დოლართან შედარებით, უპირატესობას ბიტკოინს და კრიპტო ვალუტებს მიანიჭებს.

გამოკითხვა 8-12 მაისს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 637-მა ინვესტორმა მიიღო, რომელთა შორისაც იყვნენ როგორც პროფესიონალი, ასევე საცალო ინვესტორები. პროფესიონალების 7.8% და მოყვარულების 11.3%, კრიზისის შემთხვევაში, საკუთარი ფინანსების დაცვის საშუალებად, პირველ კრიპტო ვალუტას გამოიყენებს და დოლარს უპირატესობას მხოლოდ 7.8% და 10.2% მიანიჭებს.

რისკისგან თავშესაფარი აქტივებიდან, ინვესტორები უპირატესობას ისევ ოქროს ანიჭებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყვითელი მეტალის ფასი, ისტორიულ მაქსიმუმთან ახლოსაა (უნცია 2 000 დოლარი), მას უპირატესობა ორივე კატეგორიის გამოკითხულ ინვესტორთა დაახლოებით ნახევარმა მიანიჭა.

საინტერესოა, რომ გამოკითხვის მიხედვით, ინვესტორები ოქროს ალტერნატიული აქტივების ნაკლებობას უჩივიან. ამ სიტუაციაში, მეორე ყველაზე პოპულარული ურისკო აქტივი, შეერთებული შტატების სახაზინო ვალდებულებებია. არადა, სწორედ ამ ვალდებულებათა დაგროვება შეიძლება გახდეს დეფოლტის მიზეზი.

საქმე ისაა, რომ ყველაზე პესიმისტურად განწყობილ ინვესტორებსაც კი სჯერათ, რომ დეფოლტის შემთხვევაში, ასეთი აქტივების მფლობელები თავიანთ ფულს არ დაკარგავენ და თუნდაც დაგვიანებით, ინვესტიციას აინაზღაურებენ. გამოკითხვის მიხედვით, სახაზინო ბონდებს უპირატესობას რესპონდენტთა 14-15% ანიჭებს.

ინვესტორთა უპირატესობათა სიაში მესამეზე ბიტკოინია, რომელსაც ამერიკული დოლარი, იაპონური იენი და შვეიცარიული ფრანკი მოჰყვება. გამოკითხულთა 55 პროცენტზე მეტი თვლის, რომ დეფლოტის, ან მასთან მიახლოების შემთხვევაში, დოლარის, როგორც გლობალური ვალუტის პოზიციებს ძლიერ დააზარალებს. რესპონდენტების 13.6 პროცენტი კი აცხადებს, რომ ამერიკულმა ვალუტამ უკვე მნიშვნელოვნად იზარალა და შემდგომში კიდევ უფრო მეტად დაზარალდება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved