EOS 5 წლის იუბილეს განახლებებით აღნიშნავს

Home » ბლოგი » EOS 5 წლის იუბილეს განახლებებით აღნიშნავს
12/06/2023
EOS 5 წლის იუბილეს განახლებებით აღნიშნავს

5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კრიპტო ვალუტა EOS-ის ქსელი შეიქმნა და ამ
დროში, მან სახელი თავისი შესაძლებლობებით და კრიპტო ბაზრისთვის ყველაზე
დიდი „საწყისი მონეტების შეთავაზებით“ (ICO) გაითქვა, რომლითაც ერთი წლის
განმავლობაში, არც მეტი, არც ნაკლები, 4 მილიარდი დოლარის მოზიდვა
მოხერხდა.
ასეთი დაწყების მიუხედავად, პროექტმა ის აჟიოტაჟური მოლოდინი არ
გაამართლა, რომელიც თავიდან ჰქონდა და ახლახანს, შეერთებული შტატების
ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისიისგანაც (SEC) შეექმნა
პრობლემა – კომისია თვლის, რომ სხვა კრიპტოებთან ერთად, EOS-იც ფასიანი
ქაღალდია და მისი რეგულირება, შესაბამის კანონს ექვემდებარება.
EOS-ის პროტოკოლზე მომუშავე გუნდი აცხადებს, რომ ბევრი პრობლემის
მიუხედავად, ქსელის განახლებასა და დახვეწაზე ინტენსიური მუშაობა
გრძელდება და ბევრი გამოწვევის მიუხედავად, EOS დასახულ მიზნებს
აუცილებლად მიაღწევს.
2021 წლის სექტემბერში, პროტოკოლს ბრალი დასდეს საბაზრო მანიპულაციებში.
სპეციალურად ჩატარებული კვლევის შემდეგ დაიდო დასკვნა, რომლის
შესაბამისადაც, ICO-ს მასშტაბურობას, ხელი ფიქტიურმა გარიგებებმა შეუწყო.
ამით გაწბილებულმა EOS-ის საზოგადოებამ, „EOS-ის ქსელის ფონდი“ (ENF)
შექმნა, რომელმაც მიზნად, პროექტის გარდაქმნა დაისახა.
პრობლემების მუხედავად, „კოინმარკეტკაპის“ რეიტინგში, EOS კვლავაც
ასეულის პირველ ნაწილში რჩება და მისი ფასი, ბაზრის ტენდენციების
შესაბამისად იცვლება.
ENF-ს დამფუძნებელი ივ ლა როსე ამბობს, რომ უკვე დაძლეულია
კორპორატიული სიხარბით გამოწვეული სირთულეები, რომლებიც EOS-ის
მომავალთან დაკავშირებით, გაურკვევლობას ქმნიდა და ახლა გუნდი ისევ
განვითარებაზე და ინოვაციების დანერგვაზე მუშაობს.
EOS-ის გუნდი ირწმუნება, რომ პლატფორმა საშუალოდ დღეში 100 მილიონ
ტრანზაქციას ემსახურება, რითაც ამტკიცებს, რომ კრიპტო ბაზარზე ერთ-ერთი
ყველაზე საიმედო ქსელია. ამის დასტურია ისიც, რომ დაარსებიდან 1 800 დღეზე
მეტი გავიდა და ქსელს ერთი ჩავარდნაც კი არ ჰქონია.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved