ახალი ვალუტის ბრუნვა ბანკების გარეშე

Home » არაკატეგორიზირებული » ახალი ვალუტის ბრუნვა ბანკების გარეშე
25/11/2015
ახალი ვალუტის ბრუნვა ბანკების გარეშე

დაახლოებით 17 ათასი ბიზნეს-დაწესებულება მსოფლიოს მასშტაბით უკვე სარგებლობს ბიტკოინით. კოდირებული ელექტრონული ფულის ყიდვა, გაყიდვა და გაგზავნა ტრადიციული კუპიურის მსგავსად ხდება. ერთი განსხვავება ისაა, რომ ბიტკოინით ვაჭრობა არ რეგულირდება მესამე მხარის ან რომელიმე ქვეყნის მთავრობის მიერ.
“ბიტკოინი მსოფლიოში პირველი სრულიად დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა” – აცხადებს ტექნოლოგიური პოლიტიკის ანალიტიკოსი ჯერი ბრიტო:
„ბიტკოინმა კომპიუტერულ მეცნიერებაში დიდი პრობლემა გადაჭრა. პირველად ისტორიაში, ორ ადამიანს ერთმანეთთან ფინანსური ოპერაციების წარმოება ბანკის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის გარეშე შეუძლია. არ არსებობს ბიტკოინის კომპანია და ის არ რეგულირდება მთავრობის მიერ. ის ელექტრონულ ფოსტას ჰგავს.“
ამის გამო, ბიტკოინი განსაკუთრებით მიმზიდველია კრიმინალური წრეებისთვის, რომლებიც ფულის საიდუმლო გაგზავნას ცდილობენ. ცოტა ხნის წინ, ამერიკის სამართალდამცავმა სააგენტოებმა ერთ-ერთი ინტერნეტ შავი ბაზარი დახურეს, რომელიც მთლიანად ბიტკოინით აწარმოებდა ფინანსურ ოპერაციებს. ბიტკოინის რეგულაციების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე მარკო სანტორი ამბობს, რომ ინტერნეტ კუპიურით განხორციელებული ყველა ოპერაციის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია:
„ბიტკოინი სინამდვილეში ძალიან მკაცრად რეგულირდება. როცა ბიტკოინით სხვა ვალუტის ან დოლარის შესყიდვა ხდება, ეს ოპერაცია საბანკო რეგულაციებით კონტროლირდება.“
ბიტკოინის სანდოობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის, ერთ-ერთი იმის ცოდნაა, თუ რა რაოდენობის ბიტკოინი ტრიალებს სისტემაში ნებისმიერ მოცემულ დროს. ახალი ბიტკოინის გაცემა მხოლოდ იმ ადამიანებზე ხდება, რომლებიც ვალუტის მიმოქცევას უწყვეტად აკვირდებიან. ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯერი ბრიტო ამბობს:
„ყოველ 10 წუთში ერთხელ 25.5 ბიტკოინი იქმნება და ისინი ადამიანებს ელექტრონული შერჩევითობის პრინციპით ეძლევათ.“
ამერიკის, გერმანიის და ბევრი სხვა ქვეყნის მთავრობა ბიტკოინის ციფრული ვალუტის გამოყენებას არ კრძალავს, თუმცა მასზე მკაცრი კონტროლის დაწესებას ითხოვს. ცოტა ხნის წინ, ჩინეთმა მხოლოდ ბანკებს აუკრძალა ბიტკოინით სარგებლობა და იგივე შეზღუდვა კერძო სექტორზე არ დააწესა.
სანტორი ამბობს, რომ გლობალურად ფულის გაგზავნა გაცილებით გამარტივდა და გაიაფდა:
„ადამიანებს აღარ სჭირდებათ ტრადიციული ვალუტის გაგზავნა. მათ ფულის გაგზავნა ბიტკოინით შეუძლიათ.“
ბიტკოინი 2009 წელს პროგრამისტმა შექმნა, რომლის ვინაობაც დღემდე უცნობია. ვალუტის ღირებულება მაშინ რამდენიმე ამერიკული ცენტი იყო, უკანასკნელ პერიოდში კი ერთი ბიტკოინის ღირებულებამ ათას დოლარს გადააჭარბა. ექსპერტების აზრით, რაც უფრო მეტი მომხმარებელი ეყოლება ვირტუალურ ფულს, მით უფრო მყარი და კონკურენტული გახდება ის გლობალურ ბაზარზე.
წყარო : http://m.amerikiskhma.com/a/financies_bitcoin_usa/1814523.html

© 2020 MyCoins.ge all rights reserved