რა არის ბიტკოინი? როგორ შეიძლება ვირტუალური ფულის პრაქტიკაში გამოყენება?

Home » არაკატეგორიზირებული » რა არის ბიტკოინი? როგორ შეიძლება ვირტუალური ფულის პრაქტიკაში გამოყენება?
25/11/2015

როგორ შეიძლება ვირტუალური ფულის პრაქტიკაში გამოყენება
კრიპტოვალუტა ციფრული ფულის მზარდი კატეგორიაა, რომელიც ეფუძნება კრიპტოგრაფიულ ალგორითმებს. ბიტკოინი ამ ტიპის ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემებიდან პირველია. ტრადიციული ვალუტისაგან განსხვავებით, იქნება ეს ევრო, დოლარი, იენი თუ ლარი, ბიტკოინი არსად იბეჭდება, მას არავინ აკონტროლებს. “მომავლის ფულის” ემისია დამოკიდებულია მსოფლიოს მასშტაბით სისტემაში ჩართულ მრავალ კომპიუტერზე, რომლებიც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით ამუშავებენ მონაცემებს.
რით განსხვავდება ბიტკოინი ჩვეულებრივი ფულისგან?
ელექტრონულ მიმოქცევაში არსებული ტრადიციული ვალუტების მსგავსად, ბიტკოინიც გამოიყენება სხვადასხვა საქონლის და მომსახურების შესაძენად.
ბიტკოინის, როგორც სისტემის, უპირველესი უპირატესობა მისი დეცენტრალიზებაა. არ არსებობს კონკრეტული ინსტიტუცია, რომელიც მის ქსელს გააკონტროლებს. მაშასადამე, მომხმარებელს ენიჭება უპრეცედენტო დამოუკიდებლობა მსხვილი ბანკებისგან.
ვინ არის შემქმნელი?
სატოში ნაკამოტო – პროგრამისტი, რომელმაც წარმოადგინა ბიტკოინი, როგორც მათემატიკურ ალგორითმებზე დაფუძნებული ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა. მთავარი იდეა იყო ცენტრალური მარეგულირებელი ინსტიტუტებისგან დამოუკიდებელი ვალუტის შექმნა. ბიტკოინების ტრანზაქცია სრულდება ელექტრონულად, ძალზე დაბალი საკომისიოთი.
როგორ მოიპოვება ბიტკოინი?
ეროვნული ბანკი სახელმწიფოს დავალიანების დასაფარად ბეჭდავს ფულს, რითაც აუფასურებს საკუთარ ვალუტას. ცენტრალური ბანკი აწესებს თამაშის საკუთარ წესებს, რაც მოსახლეობისთვის მიუღებელია. ბიტკოინები კი ფიზიკურად არსად იბეჭდება და არავის შეუძლია მათი რაოდენობის ხელოვნური მართვა.
კრიპტოვალუტა იქმნება ციფრულად, ყველასათვის ღია პრინციპით, რომელსაც ეწოდება “მაინინგი” (მინინგ). ბიტკოინები “მოიპოვება” მომხმარებელთა კომპიუტერების გამოთვლითი სიმძლავრის საშუალებით – სატრანზაქციო მონაცემების დამუშავების სანაცვლოდ.
მაშასადამე, ბიტკოინის უსასრულო რაოდენობის შექმნა შეუძლებელია?
დიახ. ბიტკოინის პროტოკოლის თანახმად, ოდესმე “მოპოვებული” ბიტკოინების რაოდენობა ვერ გადააჭარბებს 21 მილიონს, თუმცა ერთი მონეტა იყოფა უფრო მცირე ერთეულებად: ცენტიბიტკოინი – 0.01, მილიბიტკოინი – 0.001, მიკრობიტკოინი – 0.000001 და “სატოში” – უმცირესი ნაწილი – ბიტკოინის ას მემილიონედი.
რას ემყარება ბიტკოინი?
ჩვეულებრივი ვალუტა დამყარებულია ოქროსა და ვერცხლზე. თეორიულად, ბანკში, ერთი დოლარის სანაცვლოდ, შესაძლებელია ექვივალენტური ოდენობის ოქროს მიღება (თუმცა ეს პრაქტიკულად არ ხდება). ბიტკოინი კი ეფუძნება არა ოქროს, არამედ მათემატიკას.
ბიტკოინი მიიღება სპეციალური მათემატიკური ფორმულით. მოცემული ფორმულა და პროგრამა თავისუფალ წვდომაშია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი ნახვა და დარწმუნება პროცესის ეფექტურობასა და გამჭვირვალობაში.
რა ახასიათებს ბიტკოინს?
ბიტკოინს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა სახელმწიფოს მიერ მართვად ვალუტებთან შედარებით:
დეცენტრალიზება
ბიტკოინის ქსელი არ იმართება ცენტრალური სერვერით. თითოეული მოწყობილობა, რომელიც ამუშავებს ტრანზაქციებს და მოიპოვებს ბიტკოინებს, ჩართულია საერთო ქსელში და დაკავშირებულია სხვებთან. თეორიაში ეს ნიშნავს, რომ არცერთ სახელმწიფო სარეგულაციო ინსტიტუტს არ შესწევს ძალა აკრძალოს “ელექტრონული მონეტები”. ფული რჩება მიმოქცევაში მაშინაც კი, როცა ქსელის რომელიმე მონაწილე ითიშება.
სისტემაში ჩართვის სიმარტივე
ჩვეულებრივი ბანკები უბრალო ანგარიშის გახსნას ზოგჯერ ნამდვილ “ბიუროკრატიულ თავგადასავლად” აქცევენ, ბიტკოინის მისამართის შექმნა კი რამდენიმე წამის საქმეა და არ მოითხოვს არავითარ საკომისიოს.
დაცულია ანონიმურობა
მომხმარებელს შეუძლია ფლობდეს ბიტკოინის რამდენიმე მისამართს. ის არაა დაკავშირებული რეალურ მისამართთან, სახელსა და გვართან, ტელეფონის ნომრებსა თუ სხვა პირად ინფორმაციასთან.
გამჭვირვალობა
ბიტკოინის სისტემა ინახავს თითოეული ტრანზაქციის მონაცემს უზარმაზარ საერთო რეესტრში – ბლოკთა ჯაჭვში (ბლოცკცჰაინ). ამა თუ იმ მისამართზე მიმდინარე ნაშთისა და ტრანზაქციის მონაცემები ინახება საჯარო მონაცემთა ბაზაში, მაგრამ მისამართის მფლობელის ვინაობა უცნობი რჩება.
უპრეცედენტოდ დაბალია საკომისიო
საერთაშორისო ტრანსფერებზე ბანკები მნიშვნელოვან საკომისიოს ითხოვენ.
ბიტკოინის ტრანზაქციაზე საკომისიოს თავად მომხმარებელი აწესებს: რაც უფრო მაღალია საკომისიო, მით უფრო პრიორიტეტულია ტრანზაქცია “მაინერისთვის” და მით მალე შესრულდება ის.
ის სწრაფია
მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაგზავნილი ფული რამდენიმე წუთში, სისტემის ქსელში ტრანზაქციის დამოწმებისთანავე, მიდის ადრესატამდე.
ის შეუქცევადია
უკვე გაგზავნილი ბიტკოინების დაბრუნება შეუძლებულია, თუ მიმღები თავად არ დააბრუნებს მათ.
ბიტკოინზე საუბარი შეუჩერებლად შეიძლება, თუმცა რას გვიჩვენებს პრაქტიკა? გაიგეთ უფრო მეტი, თუ რაა “მაინინგი”, როგორ მიმდინარეობს ტრანზაქცია და როგორ ახერხებს სისტემა ყველაფრის აღრიცხვას.
წყარო: bfm.ge

© 2020 MyCoins.ge all rights reserved