ქვეყნების მიდგომები ვირტუალური ვალუტის რეგულირების თვალსაზრისით

Home » არაკატეგორიზირებული » ქვეყნების მიდგომები ვირტუალური ვალუტის რეგულირების თვალსაზრისით
10/06/2015
ქვეყნების მიდგომები ვირტუალური ვალუტის რეგულირების თვალსაზრისით

ისევე როგორც ახალი ტექნოლოგიების უმ­რავლესობამ, ვირტუალური ფულის გამოჩენამაც წარმოშვა ახალი გამოწვევები ფინანსური ინსტი­ტუტების ზედამხედველობისათვის. მთავარი სირთუ­ლე მდგომარეობს იმაში, რომ იგი სრულყოფილად არ ჯდება ვალუტის, ფინანსური ინსტრუმენტის ან ფინანსური ინსტიტუტის მიღებულ განსაზღვრებაში. მას გააჩნია, როგორც ვალუტის, ასევე საცალო საგადახდო სისტემის და აქტივების თვისებები. ამასთან, ცალკე სირთულეს წარმოადგენს ისეთი ვირტუალური ვალუტების სქე­მები (მაგალითად, ბიტკოინი), რომელთაც გააჩ­ნიათ დეცენტრალიზებული სტრუქტურა, რადგანაც რეალურად არ არსებობს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც, შესაძლოა, პასუხისმგებელი ყოფილიყო ბიტკოინის გამართულად ფუნქციონი­ რებაზე, ან მისი ან ზედამხედველის მიერ დადგენილი წესების შესრულებაზე. სტატიაში ქვემოთ მოყვანილი შემთხვევები ნა­თელ სურათს იძლევა, რომ რეგულატორების მიდ­გომები განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით და რაც საინტერესოა, თვით ევროკავშირის ქვეყნებს შორისაც. ერთმნიშვნელოვანია, რომ ვირტუალურ ვალუტას დიდი ყურადღება ექცევა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან და მათ განვითარებაზე მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი. მთავარი გამოწვევა რაც უმეტესი მარეგულირებლის წინაშე დგას, ბალანსის შენარჩუნებაა; ერთის მხრივ, ფინანსური სერვისების სფეროში ინოვაციების ხელშეწყობასა და მეორეს მხრივ, არალეგალური მიზნებისთვის ამ ინოვაციების გამოყენებისგან დაცვას, ასევე, ინოვაციათა მომხმარებლების უფლე­ბების დაცვას შორის. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ზოგიერთი ქვეყანა აღნიშნული ბიზნესის აკრძალვის გზით წავიდა.
ევროპის ცენტრალური ბანკის მიდგომა
დახურული ვირტუალური ვალუტის სქემები, რომლებიც მოქმედებს სპეციფიკურ ვირტუალურ საზოგადოებაში და არ ცდება ამ ფარგლებს, ნაკლებად რელევანტურია ცენტრალური ბანკების ფუნქციების შესრულებასთან. რაც შეეხება დანარჩენ ორ სქემას, რომელთაც კავშირი აქვთ რეალურ ეკონომიკასთან, სიტუაცია სხვაგვარია. განსაკუთრებით ისეთი ვირ­ტუალური ვალუტები, რომელთა გადაცვლა ორ­ მხრივად არის შესაძლებელი რეალურ ვალუტაზე, ქმნის სპეკულაციური გარემოს ჩამოყალიბების შესაძლებლობას; ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც ვირტუალური ვალუტით შესაძლებელია რეალური საქონლისა და მომსახურების ყიდვა, დგება ტრა­დიციულ ვალუტებთან კონკურენციის საკითხი. ევროპის ცენტრალური ბანკის დოკუმენტში განხილულია ვირტუალური ვალუტის სქემების შე­საძლო ზეგავლენები ცენტრალური ბანკის შემ­დეგი ფუნქციების შესრულებაზე:
ა) ფასების სტაბი­ ლურობაზე;
ბ) ფინანსურ სტაბილურობაზე;
გ) საგადახდო სისტემის სტაბილურობაზე.
ასევე, ეს დოკუმენტი შეეხო ცენტრალური ბანკის პოტენციურ რეპუტაციულ რისკს, რომელიც შესაძლოა გამო­ იწვიოს ვირტუალური ვალუტის სქემების უსაფრ­ თხოებასთან დაკავშირებულმა ინციდენტებმა.
წინასწარი ანალიზზე დაყრდნობით, ევროპის ცენტრალური ბანკის ანგარიშში მოცემულია დას­კვნები, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ვირტუალური ვალუტის სქემები:
– არ უქმნიან საფრთხეს ფასების სტაბილურობას იმ პირობით, რომ ვალუტის შექმნა გაგრძელდე­ბა ამავე დაბალი ტემპით;
– როგორც წესი, არასტაბილურია, მაგრამ ვერ შეუქმნის საფრთხეს ფინანსურ სტაბილურობას რეალური ეკონომიკასთან მათი შეზღუდული კავშირის გამო, მათი გაყიდვების დაბალი მოცულობისა და მომხმარებელთა სიმცირის გამო;
– დღესდღეობით არ რეგულირდება და არ არის რაიმე სახელმწიფო სტრუქტურის ზედამხედ­ველობის ან ოვერსაიტის ქვეშ. თუმცა მონა­ წილეობა ამ სქემაში მომხმარებლებს აყენებს საკრედიტო, ლიკვიდობის, საოპერაციო და სა­მართლებრივი რისკების წინაშე;
– სპეციფიური საკანონმდებლო ნორმების არ არსებობის გამო შეიძლება წარმოადგენდეს სახელმწიფო სტრუქტურების გამოწვევას, რადგან აღნიშნული სქემები შეიძლება გამოყენებულ იქნას კრიმინალების, თაღლითებისა და ფუ­ლის გამთეთრებლების მიერ უკანონო საქმია­ ნობისთვის;
– შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს ცე­ნტრალური ბანკების რეპუტაციაზე. იმის გათ­ ვალისწინებით, რომ ამ სქემების მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება და ამ სქემებთან დაკავშირებული ინციდენტები სწრაფად ვრცე­ლდება ფართო პრესის საშუალებით, საზო­გადოებამ შესაძლოა აღიქვას ინციდენტის გა­მომწვევ მიზეზად, ცენტრალური ბანკის მიერ თავისი სამუშაოს/ფუნქციის არასათანადოდ შეს­რულება;
– თავისი მახასიათებლებით საგადახდო სის­ტემებთან მსგავსების გამო, ხვდებიან ცენტრალური ბანკების პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომელიც წარმოშობს საჭიროებას მინიმუმ შესწავლილ იქნას ამ სქემების განვითარების პროცესი და მომზადდეს წინასწარი შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ ამ სქემებს შეიძლება ჰქონდეს დადებითი გავლება ფინანსური ინოვაციების კუთხით და წარმოადგენს მომხმარებლისთვის ალ­ტერნატიულ გადახდის საშუალებას, ნათელია, რომ ისინი ასევე იწვევენ რისკებს, რომლებსაც ამ ეტა­პზე (ვირტუალური ვალუტის მცირე მოცულობის გამო) ზემოქმედება შეიძლება იქონიონ მხოლოდ მომხმარებელზე.
ECB-ის ასევე მოჰყავს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ვირტუალურ ვალუტის მოცულობის ზრდის ხელშემწყობია:
ა) ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და მზარდი გამოყენება, რაც ვირტუალური საზოგადოების წევრების რაოდენობის ზრდას იწვევს;
ბ) ელექტრო­ნული კომერციისა და ციფრული საქონლის ზრდა, რომელიც იდეალური გარემოა ვირტუალური ვა­ლუტის სქემებისთვის;
გ) ანონიმურობის უმაღ­ლესი ხარისხი სხვა ელექტრონული გადახდის ინსტრუმენტებთან შედარებით, რომელიც მიიღწევა ვირტუალური ვალუტით გადახდის დროს;
დ) დაბალი ხარჯები (საკომისიო), ტრადიციული გადახდის სის­ტემებთან შედარებით;
ე) გადახდის ოპერაციების უფრო პირდაპირი და სწრაფი კლირინგი და ანგა­რიშსწორება, რომელიც სჭირდება და სასურველია ვირტუალური საზოგადოებისთვის.
იმის გათვალისწინებით, რომ ვირტუალურ ვა­ლუტის სქემები გააგრძელებს ზრდას, ევროპის ცენტრალური ბანკი საჭიროდ თვლის რომ, პერი­ოდულად შემოწმდეს სქემების განვითარება, რათა გადაფასდეს რისკები. ევროპის ბანკების სააგენტო ევროპის ბანკების სააგენტოს რეპორტის მი­ხედვით, ვირტუალური ვალუტა არის არარეგულირებადი ციფრული ფული, რომელიც არ არის გამოშვებული ან გარანტირებული ცენტრალური ბანკის მიერ და რომელიც, შესაძლოა მოქმედებდეს (გამოყენებულ იქნას) გადახდის საშუალებად. EBA აღნიშნავს, რომ ბიტკოინმა შეცვალა ვირტუალური ვალუტის ხასიათი დეცენტრალიზებული სქემის ჩამოყალიბებით. მედია-საშუალებებით ინფორმაცი­ ის ფართო გავრცელების დახმარებით, ბიტკოინების მოხმარება სწრაფად გაიზარდა და მხოლოდ 2013 წლის განმავლობაში მომხმარებელთა რაოდენობამ 45 000-დან 400 000-ზე მეტს მიაღწია.
2013 წლის დეკემბერში EBA-მ გადაწყვიტა გამოეცა გაფრთხილება ვირტუალური ვალუტის (მათ შორის Bitcoin) მომხმარებლებისთვის. ამ გაფრთხილებაში ხაზი გასმულია იმ შესაძლო რისკებზე, რომელიც ემუქრება მომხმარებელს ვი­ რტუალური ვალუტის ყიდვისას, შენახვისას ან ვირტუალურ ვალუტით ვაჭრობისას. მომხმარებელმა უნდა იცოდეს ყველა რისკი, მათ შორის ფულის სრულად დაკარგვის რისკიც, რომლებიც ვირტუალური ვალუტის თანმდევია. კერძოდ, EBA შემდეგ რისკებს და თავისებურებებს აიდენტიფიცირებს:
ა) არ არსებობს კონკრეტული სამართლებრივი და­ცვა, რომელიც დაფარავს/აუნაზღაურებს მომხმა­ რებელს დანაკარგს თუ პლატფორმა – პირი, რომელიც ცვლის ან ფლობს მომხმარებლის ვირტუალურ ვალუტას, ვერ შეასრულებს თავის ვალდებულებას ან შეწყვეტს თავის საქმიანობას (ზოგ შემთხვევაში ამის მიზეზი მესამე მხარის მიერ ჰაკერული შეტევების შედეგი შეიძლება იყოს). ამ შემთხვევაში მომხმარებელი სრულად დაკარგავს თავის ფულს, რომელსაც ინახავდა „გადაცვლის პლატფორმაზე“;
ბ) მომხმარებლის „ციფრული საფულე“, შესაძლოა მოიპაროს ჰაკერმა ან თავად მომხმარებელმა დაკარგოს პაროლი ან გასაღები, რომლითაც წვდომა ჰქონდა „ციფრულ საფულეზე“, რის შედეგადაც სამუდამოდ დაკარგავს თავის ფულს;
გ) გადახდის ოპერაციები ვირტუალური ვალუტით არ არის გარანტირებული. შეცდომით შესრუ­ლებული ტრანზაქციის გაუქმება შეუძლებელია;
დ) ბიტკოინის და სხვა ვირტუალური ვალუტის ღი­რებულება (ფასი) შეიძლება შეიცვალოს სწრა­ფად და შესაძლოა დაეცეს ნულამდეც;
ე) ვირტუალური ვალუტა, მომხმარებლების ანო­ნიმური ხასიათის გამო, შეიძლება გამოყენებული იყოს არალეგალურ საქმიანობაში, მათ შორის ფულის გათეთრებისთვის. ამგვარი გამოყენების შედეგად, სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაძლოა გადაწყვიტონ „გადაცვლის პლატ­ ფორმის“ დახურვა, რაც შეუძლებელს გახდის მომხმარებლების წვდომას თავიანთ ფულზე ან მათ გამოყენებას.
ვ) მომხმარებელზე შესაძლოა გავრცელდეს საგადასახადო ვალდებულებები, როგორიცაა დღგ ან საშემოსავლო გადასახადი.
ამ ეტაპზე, EBA განაგრძობს ვირტუალურ ვა­ლუტასთან დაკავშირებული რისკების შეფასებას იმისათვის, რომ დაადგინოს შესაძლებელია თუ არა რეგულირება და უნდა რეგულირდებოდეს თუ არა ვირტუალური ვალუტები. ამ მიზნით, 2014 წელს სპეციალური ჯგუფის შექმნას გეგმავდა. აღნიშნული ჯგუფის მიზანი არამხოლოდ მომხმარებლებისთვის რისკების შეფასებაა, არამედ რისკებისა, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას:
– რეგულატორებისთვის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში თავიანთი მიზნების შესრულებისას, ვინაიდან ანონიმური ხასიათის გამო, აღნიშნული სქემები მიმზიდ­ველია არალეგალური საქმიანობისთვის;
– ინვესტორებისთვის, რომლებიც იყენებენ ვირ­ტუალურ ვალუტას სპეკულაციური ოპერაცი­ებისთვის ან ყიდულობენ საინვესტიციო პრო­დუქტს, რომელიც დაფუძნებულია ვირტუალურ ვალუტაზე;
– საზოგადოებისთვის ფართო გაგებით, როგორც შედეგი იმისა, რომ ვირტუალური ვალუტა შეიძ­­ლება გამოყენებული იქნას ისეთი არალე­გალური საქმიანობისთვის, როგორიცაა არა­ლეგალური საქონლის (ნარკოტიკული ნივთიე­რებებისა და იარაღის) შეძენა.
გერმანია
გერმანიის ფინანსთა ფედერალურმა სამინი­სტრომ აღიარა ბიტკოინი და უწოდებს ბიტკოინს როგორც “აღრიცხვის ერთეულს“ (units of account) და „კერძო ფულს“. ვინაიდან, ვირტუალური ვალუტა არ არის ელექტრონული ფული და არც გადახდის კანონიერი საშუალება (legal tender) გერმანიაში, მაშინ ბიტკოინების გადარიცხვა უნდა განიხილებოდეს არა როგორც ფულადი სახსრების გადარიცხვა, არამედ როგორც საქონლის ტრანსფერი, რომელიც პოტენციურად უნდა დაექვემდებაროს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადს. როგორც გერმანიის იურიდიული კომპანიის WINHELLER-ის საიტზე არის მითითებული, ბიტ­კოინებთან დაკავშირებული ბიზნესი თავისი ბი­ზნეს მოდელიდან გამომდინარე შესაძლოა სა­ჭიროებდეს BaFin-ისგან ლიცენზიას, რადგან ბიტკოინი კლასიფიცირებულია როგორც ფინანსური ინსტრუმენტი, უფრო სწორად კი „აღრიცხვის ერ­თეული“.
2013 წლის დეკემბერში BaFin-ი ადასტურებს ფინანსთა სამინისტროს პოზიციას, რომ ბიტკოინი არის „აღრიცხვის ერთეული“ და შესაბამისად არის ფინანსური ინსტრუმენტი გერმანიის საბანკო აქტის ფარ­გლებში. BaFin-ი განმარტავს, რომ ბიტკოინი არ არის გადახდის კანონიერი საშუალება (legal tender) და არც ელექტრონული ფული ევროპული და გერმანიის კანონმდებლობის ფარგლებში. ამავე დროს, განმარტავს, რომ ბიტკოინით გადახდის გან­ ხორციელება და მისი მოპოვება (mining) არ არის რეგულირებადი საქმიანობა და არ საჭიროებს ლი­ცენზიას . თუ ბიტ­ კოინების ყიდვა – გაყიდვა ხდება სხვის მაგივრად კომერციული მიზნით, მაშინ ასეთი საქმიანობა საჭი­როებს ლიცენზირებას გერმანიის საბანკო აქტის საფუძველზე. ევროპის ბანკების სააგენტოს მიერ მომხმარებლების გაფრთხილების გამოქვეყნების შემდეგ, 2014 წლის თებერვალში BaFin­­მაც გამო­ აქვეყნა მსგავსი გაფრთხილება ვირტუალური ვალუ­ტის მომხმარებლებისთვის.
აშშ
აშშ წარმოადგენს ბიტკოინების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზარს. 2013 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ეს იყო პირველი ქვეყანა, რომლის სასამართლომაც გარკვეული განმარტებები გააკეთა ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებით. მოსამართლის განაჩენით, „ბიტკოინი შესაძლებელია გამოყენებული იყოს როგორც ფული. მისი საშუალებით შესაძლებელია საქონლის ან მომსახურების შეძენა. ის შესაძლებე­ლია ასევე გადაცვლილი იქნას ჩვეულებრივ ფულზე, როგორიცაა აშშ დოლარი. შესაბამისად, ბიტკოინი არის ვალუტა ან ფულის ფორმა და ინვესტორები, რომლებსაც სურთ ინვესტირება BTCST-ში [ჰეჯფონდის სქემა] ახორციელებენ ფულის ინვესტირებას“.
ასევე, უნდა აღინიშნოს რომ „სილქ როუდის“ დაყადაღების დოკუმენტაციაში ნახსენებია, რომ ბიტკოინი არის „ელექტრონული ვალუტა, რომელიც შექმნილია იყოს ისეთივე ანონიმური, როგორიც ნაღდი ფული“ .
FinCEN-ის მიერ გამოცემული სახელმძღ­ ვანელოს საფუძველზე საბანკო საიდუმლოების აქტი ვრცელდება პირებზე, რომლებიც ქმნიან, ინახავენ, ანაწილებენ/ავრცელებენ, ცვლიან, იღებენ ან რიცხავენ ვირტუალურ ვალუტას. აღნიშნული პირები დაყოფილები არიან სამ კატეგორიად: „მომ­ ხმარებლები“ (users), „ადმინისტრატორები“ (administrators) და „გადამცვლელები“ (exchangers). „მომხმარებლები“, რომლებიც იძენენ ვირტუალურ ვალუტას და იყენებენ მას რეალური ან ვირტუალური საქონლის შესაძენად არ წარმოადგენენ რეგუ­ ლირებად პირებს. „ადმინისტრატორი“ ან „გადა­ მცვლელი“, რომელიც იღებს და რიცხავს კონვერტირებად­­ ვირტუალურ ვალუტას,  ყი­დულობს, ან ყიდის  ნებისმიე­ რიმიზნით, წარმოადგენენ „ფულის გადამცემებს/ გადამგზავნებს“ (money transmitters) და ხვდებიან FinCEN -ის რეგულაციის ქვეშ.
ნიუ-იორკის შტატის ფინანსური სერვისების დეპარტამენტმა  2014 წლის ივლისში გა­მოაქვეყნა ვირტუალური ვალუტის რეგულაციის პროექტი. ეს პირველი დოკუმენტია, რომელიც შექმნის ბიტკოინის ყოვლისმომცველ რეგულატორულ ჩარ­ჩოს. ჩარჩო მოიცავს მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და უსაფრთხოების წესებს ვირტუალური ვალუტის ბიზნესებისთვის. ახალი ტიპის ლიცენზიები (ე.წ. „BitLicenses”) დასჭირდებათ იმ პირებს, რომლებიც აწარმოებენ ისეთ საქმიანობებს, როგორებიცაა ვირტუალური ვალუტის მიღება და გადაგზავნა/ გადაცემა კლიენტების სახელით; ვირტუალური ვალუტის შენახვა და კასტოდიური მომსახურება ან კონტროლი კლიენტების სახელით; ვირტუალური ვალუტის გადაცვლა როგორც რეალურ ვალუტაზე, ასევე ვირტუალურ ვალუტაზე; ვირტუალური ვალუტის გამოშვება და სხვა. ამ პროექტით ლიცენზირება არ სჭირდებათ პირებს, რომლებიც იძენენ/ფლობენ ვირტუალურ ვალუტას პირადი მიზნებისთვის; ვირ­ტუალური ვალუტის მომპოვებლებს; (miners), სავა­ჭრო ობიექტებს, რომლებიც ჰყიდიან საქონელს და მომსახურებას ვირტუალურ ვალუტაზე. BitLicenseის მქონე პირები ვალდებულები არიან მოახდინონ ყველა მომხმარებლის იდენტიფიცირება; იქონიონ რეზერვი, რომლის შესაბამისი ვირტუალური ვალუტის ფლობის უფლება ექნებათ; შეიმუშაონ და გამოაქვეყნონ მომხმარებელთა გასაჩივრების პო­ლიტიკა და ბოლოს DFS-ი განახორციელებს უსაფ­რთხოების აუდიტს BitLicense-ის მქონე პირებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული MtGox39-ზე გან­ ხორციელებული ჰაკერული შეტევების მსხგავსი სხვა შემთხვევები.
ჩინეთი
2009 წლის ივნისში ჩინეთის ვაჭრობის სამი­ ნისტრომ კულტურის სამინისტროსთან ერთად გა­მოსცა პირველი ოფიციალური ნორმა, რომელიც არეგულირებს ვირტუალური ვალუტის გამოყენებას. ამ ნორმის მიხედვით, ვირტუალური ვალუტით, რომლის გადაცვლა რეალურ ფულზე შესაძლებელია განსაზღვრული კურსით, დასაშვებია მხოლოდ ამ ვალუტის გამომშვების ვირტუალური საქონლისა ან მომსახურების შეძენა. ასევე, ამავე ნორმით აიკრძალა ვირტუალური ვალუტით აზარტული თამაშები და არასრულწლოვანებისთვის ვირტუალური ვალუტის მიყიდვა (Ministry of Commerce of People’s Republic of China, 2009).
აღნიშნული ღონისძიებების მიზეზს უმეტეს­ წილად წარმოადგენდა იმ დროისთვის ჩინეთში არსებული ვირტუალური ვალუტა „QQ coins”, რომლის გამომშვები იყო ჩინეთის სოციალური მედიისა და თამაშობების გიგანტი Tencent.com. აღნიშნულ სქემაში დარეგისტრირებული იყო 220 მლნ მომხმარებელი, რომელიც „QQ coin”ებს იყენებდა არამხოლოდ ვირტუალურ სივრ­ცეში, არამედ ცვლიდა მათ რეალურ ფულზე და ყიდულობდა რეალურ საქონელსა და მომსახურებას. აღნიშნული სქემის დაარსებიდან მოკლე პერიოდში, (ზოგიერთის შეფასებით) მან ჩინეთის ნაღდი ფულის ეკონომიკის 13%-ს41 მიაღწია, რაც სავარაუდოდ იქნებოდა მიზეზი ჩინეთის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ვირტუალური ვალუტის რეალურ ფინანსურ სექტორზე შესაძლო ზეგავლენის შეზღუდვის მიზნით ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისა. ვინაიდან “QQ coins” ვირტუალური ვალუტის სქემა იყო ცენტრალიზებული, შესაბამისად მასზე შეზღუდვების გავრცელება მარტივი იყო. სხვა სიტუაციაა ბიტკოინებთან და­ კავშირებით. ამ შემთხვევაში ჩინეთის ცენტრალუ­რი ბანკისა და სხვა 5 სახელმწიფო სტრუქტურის მიერ 2013 წლის დეკემბერში გამოიცა ერთობლივი მითითება ბიტკოინთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბიტკოინი არ ატარებს კანონიერი გადახდის საშუალების თვისებებს; ის არ არის ვალუტა თავისი შინაარსით; ბიტკოინი არის ვირტუალური საქონელი და არ შეიძლება გამოყენებული იქნას ბრუნვაში როგორც ვალუტა. რაც შეეხება, ბიტკოინის მომხმარებლებს, მითითების მიხედვით, მათ შე­უძლიათ იყიდონ და გაყიდონ ბიტკოინი მხოლოდ თავისი რისკის ქვეშ, ხოლო ფინანსურ და საგადახდო ინსტიტუტებს ეკრძალებათ ნებისმიერი კავშირი ბიტკოინებთან. ამავე მითითებით, ბიტკოინების გადამცვლელების ვებ-გვერდები ვალდებული არიან დარეგისტრირდნენ ტელეკომუნიკაციების ბიურო­ში და დაექვემდებარონ ფულის გათეთრების სა­ წინააღმდეგო მოთხოვნებს.
შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკს ტოლერანტული დამოკიდებულება აქვს ბიტკოინის მიმართ, წინამორბედი QQ coin-ისგან განსხვავებით, რადგან აღნიშნული ვი­რტუალური ვალუტის კავშირი რეალურ ეკონო­მიკასთან დაშვებულია. გადასახადების სახელმწიფო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვირტუალური ვალუტის ვაჭრობიდან მიღებული მოგება ჩინეთში დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადს.
ტაილანდი
ევროპული ქვეყნებისა და აშშ-გან განსხვავებით ტაილანდის ცენტრალურმა ბანკმა გ­ამოაცხადა ბიტკოინი არალეგალურად. ინფორმაცია გავრცელდა ტაილანდში არსებული კომპანიიდან, რომე­ლსაც აქვს ბიტკოინების სავაჭრო პლატფორმა. აღნიშნულმა კომპანიამ ტაილანდის ცენტრალურ ბანკში გამართულ შეხვედრაზე მიიღო მითითება, რომ ბიტკოინი არ არის ლეგალური, რის გამოც აღნიშნულმა კომპანიამ შეაჩერა საქმიანობა. თუმცა, სხვა მსგავსი კომპანიები განაგრძობდნენ საქმიანობას ტაილანდში. მოგვიანებით “Bitcoin Co”-მ ცენტრალური ბანკიდან მიიღო წერილი, რომ მას შეუძლია აღადგინოს საქმიანობა, თუმცა ბიტკოინის სამართლებრივი სტატუსი კვლავ გაურკვეველი რჩება. BOT-ის შეზღუდვასთან დაკავშირებით გაკეთდა შენიშვნები, რომ ტაილანდის ცენტრალურ ბანკს კონსტიტუციით არ ჰქონდა უფლებამოსილება აე­კრძალა ბიტკოინი, თუმცა მას აქვს უფლება არე­გულიროს ვალუტის ოპერაციები. ტაილანდის ცენტ­ რალური ბანკის მოსაზრებით კი ბიტკოინებით ვაჭრობამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს ვალუ­ტის კურსებზე.
რუსეთი
2014 წლის 3 ოქტომბერს რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ცვლილებების კანონ­პროექტი, რომლის საფუძველზეც რუსეთის ტერი­ტორიაზე იკრძალება ოპერაციები ფულადი სურო­გატების (რომელიც მოიცავს ვირტუალურ ვალუტასაც) საშუალებით. ამავე კანონპროექტით ფულადი სუროგატების გამოშვება, მათი გამოშვების მიზნით პროგრამული უზრუნველყოფების შექმნა და გავრცელება, ფულადი სუროგატების საშუალებით ოპერაციების განხორციელება, გამიზნუ­ლად ინფორმაციის გავრცელება, რომელიც უზრუნველყოფს ფულადი სუროგატების შექმნას ან ოპერაციებს მათი საშუალებით, ექვემდებარება ფულად დაჯარიმებას.
წყარო: https://www.nbg.gov.ge
 

© 2020 MyCoins.ge all rights reserved