ახალი ინტერნეტი, ანუ ბიტკოინი

Home » არაკატეგორიზირებული » ახალი ინტერნეტი, ანუ ბიტკოინი
20/11/2015
ახალი ინტერნეტი, ანუ ბიტკოინი

ჩემი ბლოგი მინდა დავიწყო ერთი პატარა ისტორიით, რომელიც გასული წლის ბოლოს მოხდა. ჩემი ერთი კარგი მეგობარი შაბათ დღეს მიკავშირდება და მთხოვს, მეორე დღეს საქმიან შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას, თან მაფრთხილებს, რომ მიუხედავად უქმე დღისა, შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სტუმარი საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებული, შვეიცარიის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის მმართველი დირექტორია. იქვე დასძენს, რომ ინვესტორისთვის ჩემი კომპანიის წარდგენა და ქვეყნის საგადასახადო გარემოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება 10 წუთში უნდა მოვახერხო.
მეორე დღე, დილის 9 საათი – სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ვიწყებთ შეხვედრას ხსენებულ ინვესტორთან. შეთანხმებისამებრ, ვცდილობ 10 წუთში ჩავატიო პრეზენტაცია და ველოდები სტუმრის შეკითხვებს. პოტენციური ინვესტორი იწონებს საგადასახადო გარემოს და ქვეყანაში ამ კუთხითგატარებულ რეფორმებს და იქვე დასძენს, თუ რაიმე ხდება ახალი თქვენს ქვეყანაში, ისეთი, რამაც შეიძლება განსაკუთრებული ყურადღება მიიქციოსო. მე ისევ ვიწყებ ჩვენი ქვეყნის ქებას და მომავალზე საუბარს. სტუმარი უცებ მაჩერებს და ირონიულად მეკითხება: შეგიძლიათ დამისახელოთ თქვენი კომპანიის ბოლო კლიენტი და სფერო, რომელსაც ის წარმოადგენს? რამდენიმე წამი დავფიქრდი და ვუპასუხე, რომ ბოლო კლიენტი ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროდან გვყავდა. იქვე მოკრძალებულად ვუზუსტებ, რომ „ბიტკოინი“ უკვე საქართველოშია და მისი წამყვანი მწარმოებლები ჩემი კლიენტები არიან. უფრო მეტიც, მათ რამდენჯერმე ჩემს ოფისში ვუმასპინძლე. უკვირს, ვხედავ, რომ უჭირს დაჯერება და გაოცებულია, თუმცა ჩემი მეგობარი რბილად მიანიშნებს, რომ ჩემი ყველა სიტყვა შეუძლია დაიჯეროს, რადგან ეს სიმართლეა.
უხერხული სიტუაციიდან ისევ თანამედროვე ტექნოლოგიებმა გამოგვიყვანა. სტუმარმა, ჩვენი თანდასწრებით, თავად მოიძია ინფორმაცია Google-ის საძიებო სისტემის საშუალებით და ამ ისტორიულ ფაქტში იქვე დარწმუნდა. მე კი ამაყი ვიყავი, რომ საქართველო ინვესტორის თვალში გამოჩნდა როგორც ქვეყანა, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში უახლეს მიღწევებს იზიარებს, აანალიზებს მის პოტენციალს და, უფრო მეტიც, მზადაა მათ დასანერგად.
ჩემი ბოლო კლიენტი კომპანია BitFury-ია,წამყვანი კომპანია ბიტკოინის Blockchain ინფრასტრუქტურის (დატა ცენტრები, სერვერები, ჩიპები) მიმწოდებლებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს ბიტკოინ ტრანზაქციების ეფექტურ პროცესინგს. 2014 წლის ივლისში კომპანიამ საქართველოში განათავსა კრიპტოვალუტა ბიტკოინის იმ დროისთვის მსოფლიოში უმსხვილესი საპროცესინგო ცენტრი. კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით ქვეყანაში შემოსვლის შესახებ გადაწყვეტილება განპირობებული იყო მიმზიდველი ბიზნეს გარემოთი და ხელსაყრელი საინვეტიციო კლიმატით. შედეგად, საქართველო ძალზედ საინტერესო და მიმზიდველი გახდა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო მოთამაშეებისთვის.
ამას კიდევ ერთი სიახლე დაემატა, უკვე სამომხმარებლო კუთხით. თითქმის ორი თვეა eMoney-ი ქართველ მომხმარებლებს ახალი სერვისით სარგებლობას სთავაზობს. eMoney-ის ელექტრონული საფულის საშუალებით ბიტკოინების ყიდვა, გაყიდვა, მიღება და გაგზავნაა შესაძლებელი.
უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს შორის ბიტკოინის ინდუსტრია და Blockchain ინფრასტრუქტურა კვლავ ცხელ თემად რჩება. უფრო მეტიც, ბიტკოინი დავოსში, 2015 წლის მსფოლიო ეკონომიკურ ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. მას მიუძღვნეს სპეციალური სესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფინანსების სფეროს, ციფრული ინდუსტრიის და აკადემიური წრეების მსოფლიო დონის წარმომადგენლებმა. განხილვებისას გამოიკვეთა პოზიტიური შეფასებები ბიტკოინის ძლიერი სამომავლო პოტენციალის თაობაზე. დროსთან ერთად მცირდება სკეპტიციზმი, იზრდება ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ბიტკოინს ანგარიშსწორების ლეგალურ ერთეულად მიიჩნევენ და იზრდება კომპანიების რიცხვიც, რომლებიც მომხმარებლებს ბიტკოინით გადახდის საშუალებას აძლევენ.
ბიტკოინს ბევრი ინტერნეტს ადარებს. მართლაც, ბევრი აღიარებდა ინტერნეტის ინოვაციურობას, მაგრამ ერთეულებს თუ შეეძლო მისი რეალური პოტენციალის შეფასება. მის გარეშე ცხოვრება დღეს წარმოუდგენელია. ალბათ ასევე ვერავინ დაიჯერებდა, რომ ამ სფეროში მოღვაწე ერთი ცალკეული კომპანიის კაპიტალიზაცია რომელიმე წამყვანი ქვეყნის საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციას გაუტოლდებოდა. მხდეველობაში მაქვს კომპანია Google და რუსეთის ფედერაციის საფონდო ბირჟის RTS კაპიტალიზაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადავწყვიტე გარკვეული პერიოდით ჩემი ბლოგის მთავარ თემად ბიტკოინი ამერჩია. ამ ნომრისთვის მის ზოგადმიმოხილვას შემოგთავაზებთ.
და მაინც რა არის ბიტკოინი?!
ბიტკოინი ციფრული ვალუტის სახეობაა, რომელიც ელექტრონულად იქმნება და ელექტრონულად ინახება. ტრადიციული ვალუტებისგან განსხვავებით, რომლებსაც ბეჭდევენ (მაგ.: დოლარი, ევრო), ბიტკოინს აწარმოებენ ფიზიკური პირები ან ბიზნესებისპეციალური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, რომლებიც თავის მხრივ მათემატიკური ამოცანების/ალგორითმების ამოსახსნელად შეიქმნა.
რაც შეეხება ბიტკოინის შემქმნელს…
ბიტკოინის პროტოკოლი 2008 წელს კომპიუტერული პროგრამების დეველოპერმა სატოში ნაკამოტომ შექმნა. ეს არის მათემატიკურ ალგორითმებზე დაფუძნებული ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა. მთავარ მიზანს წარმოადგენდა ისეთი ვალუტის შექმნა, რომელიც იქნებოდა: 1. აბსოლუტურად დამოუკიდებელი ნებისმიერი ცენტრალური მარეგულირებელი ინსტიტუტისგან; 2. ელექტრონულად გაგზავნადი, წამიერი სისწრაფის ტრანზაქციებით; 3. ძალიან დაბალი საკომისიო მოსაკრებლით.
მოდით განვმარტოთ, რით განსხვავდება ბიტკოინი ტრადიციული ვალუტებისგან…
ბიტკოინით, მსგავსად ტრადიციული ვალუტებისა (დოლარი, ევრო, იენი და ა.შ.) შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტის თუ სერვისის ელექტრონულად შესყიდვა. თუმცა განსხვავებით ჩვეულებრივი ვალუტებისგან ბიტკოინი გამოირჩევა დეცენტრალიზებით. ბიტკოინის ქსელის გაკონტროლება არცერთ ინსტიტუციას არ შეუძლია. აღნიშნული მახასიათებელი ბიტკოინის მომხმარებლებს მნიშვნელოვნად უმარტივებს ტრანზაქციების განხორციელების პროცესს, რადგან აბსოლუტურად დამოუკიდებელს  ხდის მას მსხვილი ბანკებისგან.
რაც შეეხება ბიტკოინის წარმოებას…
ბიტკოინი ამ კუთხითაც ძალიან განსხვავდება ტრადიციული ვალუტებისგან. ეს არ არის ვალუტა, რომელიც იბეჭდება ცენტრალური ბანკების მიერ, რომლებსაც რიგ შემთხვევებში შეუძლიათ ისარგებლონ ხელთ არსებული ბერკეტებით და საკუთარი ვალუტის გაუფასურებით დაფარონ სახელმწიფო ვალი.
ბიტკოინი იწარმოება/იქმნება ციფრულად, ადამიანების მიერ, რომლებსაც ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება შეუერთდეს. წარმოების პროცესს მაინინგი ეწოდება და იგი გულისხმობს რთული მათემატიკური ალგორითმების ამოხსნას კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, რომელიც სპეციალურ ქსელშია გაშვებული. ქსელი ვირტუალური ვალუტით შესრულებული ტრანზაქციების პროცესინგისთვის გამოიყენება და იგი ყველასთვის ხელმისაწვდომია.
აქვე შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა – არსებობს თუ არა ბიტკოინების გამომუშავების ზღვარი?
ბიტკოინის პროტოკოლის თანახმად, ჯამში შესაძლებელია მხოლოდ 21 მლნ ბიტკოინის გამომუშავება. უშუალოდ ბიტკოინი კი თავის მხრივ იყოფა მცირე ერთეულებად. მისი უმცირესი მოცულობა ასი მემილიონედი ბიტკოინი, შემქმნელის, „სატოშის“ (Satoshi), სახელს ატარებს.
რას ეფუძნება ბიტკოინი?
როგორც იცით, ტრადიციული ვალუტა ეფუძნება ოქროს ან ვერცხლს. თეორიულად ყველასთვის ცნობილი იყო, რომ თუ ბანკს მივმართავდით, მაგალითად, დოლარით, შეგვეძლო სანაცვლოდ გარკვეული რაოდენობის ოქროს მიღება, მაგრამ პრაქტიკაში სხვანაირად აღმოჩნდა. რაც შეეხება ბიტკოინს, იგი არ ეფუძნება ოქროს. ბიტკოინი ეფუძნება მათემატიკას.
მსოფლიოს მასშტაბით, ბიტკოინების გამომუშავების მიზნით ადამიანები სარგებლობენ კომპიუტერული პროგრამებით, რომლებიც რთულ მათემატიკურ ფორმულებზეა აგებული. უნდა აღინიშნოს, რომ კომპიუტერული პროგრამა ყველასთვის ხელმისაწვდომია და მუშაობს გამჭვირვალედ. მათემატიკურ ალგორითმებზე დაფუძნებულ ტრანზაქციებზე დაკვირვება კი ყველას შეგვიძლია.
და მაინც, რაში მდგომარეობს ბიტკოინის უპირატესობა? წარმოგიდგენთ ბიტკოინის ძირითადი მახასიათებლებს:
ბიტკოინი დეცენტრალიზებულია
ბიტკოინის ქსელი არ კონტროლირედება არცერთი ცენტრალური ინსტიტუტის მიერ. თითოეული გამომთვლელი მანქანა, რომელიც ტრანზაქციების პროცესინგს უზრუნველყოფს წარმოადგენს ერთი სისტემის, საერთო ქსელის ნაწილს და დაკავშირებულია ქსელში ჩართულ სხვა გამომთვლელ მანქანებთან. თეორიულად ეს იმას ნიშნავს, რომ არცერთ ცენტრალურ მარეგულირებელ ინსტიტუტს არ შეუძლია რაიმე სავალუტო პოლიტიკის გამოყენებით მომხმარებლებს „წაართვას“ ბიტკონები მსგავსად ევროპის ცენტრალური ბანკისა, 2013 წლის დასაწყისში, კვიპროსში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ რაიმე გაუგებარი მიზეზით ქსელი გაითიშება (გავა offline), სისტემა უზრუნველყოფს ფულის მიმოქცევის პროცესის გაგრძელებას.
ბიტკოინის ქსელში ჩართვა მარტივია
ყველაზე მარტივი ოპერაციის, საბანკო ანგარიშის გახსნის შესასრულებლად ჩვეულებრივი საბანკო სტრუქტურები მომხმარებლებს საკმაოდ ხანგრძლივ და ხელოვნურად გართულებულ პროცედურებს ატარებენ. როცა საქმე ბიტკოინს ეხება, შეგიძლიათ დაივიწყოთ ხსენებული ბიუროკრატია. ბიტკოინის მისამართის შექმნა წამებში შეგიძლიათ. არავინ არაფერს გეკითხებათ და არანაირი საკომისიოს გადახდა არ გიწევთ.
ბიტკოინის მომხმარებლის ანონიმურობა დაცულია
ერთ მომხმარებელს შეუძლია ბიტკოინის რამდენიმე მისამართის ფლობა. ეს მისამართები არ არის სახელებზე, ფიზიკურ/იურიდიულ მისამართებზე ან სხვა პირად მონაცემებზე მიბმული. მომხმარებლის ანონიმურობა დაცულია.
ბიტკოინის ქსელი აბსოლუტურად გამჭვირვალეა
ბიტკოინის ქსელი ყველა ტრანზაქციის შესაბამის ჩანაწერს ინახავს მონაცემთა საერთო ბაზაში, რეესტრში,რომელსაც Blockchain ეწოდება. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, როგორ შეიძლება იყოს დაცული ანონიმურობა აბსოლუტურად გამჭვირვალე ქსელის პირობებში. პასუხი მარტივია. ნებისმიერ ქსელში ჩართულ ადამიანს შეუძლია ნახოს და თქვას რამდენი ბიტკოინი ირიცხება კონკრეტულ მისამართზე, მაგრამ შეუძლებელია განსაზღვროს ვის ეკუთვნის ეს მისამართი, რადგან ბიტკოინ მისამართი არ შეიცავს მფლობელის პირად მონაცემებს.
მომხმარებელს შეუძლია ბიტკოინის ქსელში მისი აქტივობები ნაკლებად შესამჩნევი გახადოს, მაგრამ ეს მხოლოდ შემდეგი გზით არის შესაძლებელი: არ გამოიყენოს ერთი და იგივე ბიტკოინ მისამართი ყოველი ტრანზაქციის შესრულებისას და არ გადარიცხოს ბიტკოინების ჭარბი რაოდენობა მრავლაჯერადად ერთსა და იმავე ბიტკოინ მისამართზე.
ბიტკოინის ტრანზაქციის საკომისიო მინიმალურია
ბანკები საერთაშორისო ფულად გზავნილებზე საკმაოდ დიდ საკომისიოებს აწესებენ. ბიტკოინების შემთხვევაში ტრანზაქციის საკომისიო მიზერულია.
ტრანზაქცია სწრაფი და მოქნილია
მსოფლიოს ნებისმიერი ერთი წერტილიდან შეგიძლიათ ფული გაგზავნოთ ნებისმიერ მეორე წერტილში და ბიტკოინის შემთხვევაში ეს მხოლოდ რამდენიმე წუთის საკითხია.
პროცესი შეუქცევადია
გაგზავნილი ბიტკოინების დაბრუნება შეუძლებელია, გარდა იმ შემთხვევისა თუ ადრესატი თავად მოინდომების მიღებული ბიტკოინების უკან დაბრუნებას.
ვიმედოვნებ დღევანდელი ბლოგით ზოგადი წარმოდგენა შეგიქმენით ბიტკოინის კონცეფციის შესახებ. თვალი ადევნეთ ჩემს ბლოგს და გაეცანით უახლეს ინფორმაციას ბიტკოინის ინდუსტრიის შესახებ შემდეგ გამოცემებში.
წყარო : http://forbes.ge/blog/86/axali-interneti,-anu-bitkoini

© 2020 MyCoins.ge all rights reserved