“საქართველოში ბიზნესის კეთების მექანიზმი ძალიან ეფექტურია”, – აცხადებს ვალერი ვავილოვი, კომპანია Bitfury-ს დამფუძნებელი “ბიზნესკონტაქტთან” ინტერვიუში. რატომ დაინტერესდა კომპანია საქართველოთი და რას უნდა ველოდოთ გლდანში გახსნილი დატაცენრისგან, – გთავაზობთ ინტერვიუს ვალერი ვავილოვთან.
– რატომ დაინტერესდით საქართველოთი?
– სანამ ჩამოვიდოდი, ბევრჯერ მსმენია, თუ რა კარგია საქართველო, როგორ შეიცვალა ის, რა კარგი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატია, რომ არ არის ქვეყანაში კორუფცია. ზოგადად, ყველაზე დიდი ხარჯი რაც ჩვენს ბიზნესს აქვს, ეს ელექტრო ენერგიის საფასურია, რაც საქართველოში ძალიან კონკურენტუნარიანია, თუნდაც ისლანდიასთან, ან ფინეთთან შედარებით. ამიტომ დავინტერესდით, ავაშენეთ პირველი 20 მეგავატი სიმძლავრის დატაცენტრი გორში და ახლა გავფართოვდით, გლდანის დატაცენტრს 40 მეგავატის სიმძლავრე აქვს.
– გორის გამოცდილებამ თქვენი გათვლები ელექტრო ენერგიის სიიაფესთან დაკავშირებით გაამართლა?
– დიახ, ეს დადასტურდა, ელექტრო ენერგიაზე ხარჯი ნაკლებია და ყველაფერი ბევრად ადვილად გვარდება, რადგან საქართველოში ბიზნესის კეთების მექანიზმი ძალიან ეფექტურია. მაგალითად, გორის დატაცენტრის ასაშენებლად ერთ თვეზე ცოტა მეტი დრო დაგვჭიდა, მაშინ როცა სანამ საბოლოოდ გადავწყვეტდით აქ აშენებას, ძლაიან ბევრი სხვა ქვეყანა განვიხილეთ და არც ერთის ბიზნესგარემო არ იძლეოდა ასე სწრაფად ყველა საკითხის გადაჭრის საშუალებას, სხვადასხვა პროცედურების, შეთანხმებების აუცილებლობის გამო. საქართველოში ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში შევძელით.
– კონკრეტული წინადადება მიიღეთ ქართული მხარისგან?
– ბევრი კომუნიკაცია გვქონდა ჩვენს წრეში, ნაცნობებთან. ბევრი ქართველი მეგობარი მყავს და ერთხელაც, უბრალოდ მათ სანახავად და ხინკლის საჭმელად ჩამოსული, მივხვდი, რომ მართლა შეიძლებოდა ეს ქვეყანა განგვეხილა როგორც ბიზნესის კეთების ადგილი. ასე დაიწყო ყველაფერი.
– შეიძლება ითქვას, რომ თქვენი მაღალტექნოლოგიური ბიზნესი საქართველოში ხინკლიდან დაიწყო?
– დიახ, დაიწყო ხინკლიდან.
– დატაცენტრი გაქვთ ისლანდიაშიც. რა განსახვავებაა აქაურ და იქაურ ბიზნესებს შორის?
– ისლანდიის დატაცენტრი გორის დატაცენტრს სიდიდით ორჯერ ჩამოუვარდება და აქაური დატაცენტრის მომსახურების ღირებულება ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ისლანდიაში. თუნდაც სამუშაო ძალის ანაზღაურება. თანაც, ხანდახან ვადარებ ხოლმე და შემიძლია ვთქვა რომ საქართველოში ერთი ადამიანი სამჯერ უფრო ეფექტურად მუშაობს ვიდრე სამი – ისლანდიაში.
– ანუ არ გაგიჭირდათ კარგი კადრების მოძიება საქართველოში?
– დიახ, ძალიან კარგი კადრები ვიპოვეთ. საქართველოში ასეთები ნამდვილად არიან.
– რამდენიმე ოფიციალური განცხადება უკვე მოვისმინეთ, რომ ქართულ ბაზარზე თქვენი გამოჩენა და განსაკუთრებით ახალშექმნილი თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პირველი მოიჯარეობა, სხვა მაღალტექნოლოგიურ კომპანიებსაც მოიზიდავს ქვეყანაში. თქვენ როგორ ფიქრობთ?
– დიახ ვფიქრობ ეს მოიზიდავს საქართველოში დამატებით ინვესტიციებს. საქართველო კარგი ქვეყანაა, აქ ძალიან კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოა და პერსონალი იაფი ღირს. ბიზნესის ეფექტიანობის თვალსაზრისით ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, სადაც ოპერაციები გვაქვს მე საქართველოს პირველ ადგილზე დავაყენებდი. ამჟამად ბევრი მაღალტექნოლოგიური კომპანია ეძებს ახალ ქვეყნებს, განსხვავებულ ადგილებს. დღეს შესაძლებლია ყველაფრის დისტანციურ რეჟიმში მართვა ინტერნეტის გამოყენებით. რაც შეეხება გლდანში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, ვგეგმავთ მის გაფართოებას. რეალური ინტერესი სხვა კომპანიებისგან, რომლებსაც უნდათ თავისი ბიზნესის განთავსება ამ ზონაში, არის, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები. ვფიქრობ, ამას დრო დასჭირდება, თუმცა არც ძალიან ბევრი. საბოლოო ჯამში, ვიმედოვნებ სხვა კომპანიებსაც მალე ვიხილავთ გლდანში.
წყარო : http://businesscontact.ge/ka/article/-bitfury-s-damfudznebeli-saqartveloshi-biznesis-ketebis-meqanizmi-efeqturi-personali-ki-iafia/611