ბიტკოინ–მაინინგი – საქართველოს ბილეთი ახალი ტექნოლოგიების მსოფლიო რუკაზე

Home » არაკატეგორიზირებული » ბიტკოინ–მაინინგი – საქართველოს ბილეთი ახალი ტექნოლოგიების მსოფლიო რუკაზე
20/11/2015
ბიტკოინ–მაინინგი  – საქართველოს ბილეთი ახალი ტექნოლოგიების მსოფლიო რუკაზე

საქართველოში ბიტკოინის ტექნოლოგიურ მონაცემთა რიგით მეორე ცენტრი ამოქმედდება
კრიპტოვალუტა ბიტკოინ-მაინინგის ბაზრის ლიდერ კომპანიის – “ბიტფურის” მიერ თბილისში ახალი ტექნოპარკის შექმნა გადაწყვეტილია. ოქტომბრიდან, თბილისში, კერძოდ გლდანში, 18 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ტექნოლოგიურ მონაცემთა ახალი ცენტრი ამოქმედდება. ამ ინვესტიციის განხორციელებით, საქართველო საერთაშორისო ბიტკოინ-მოძრაობის ცენტრში აღმოჩნდება.
ეს არ არის კომპანია “ბიტფური ჯგუფს” პირველი ინვესტიცია. გასულ წელს კომპანიამ გორში დატა-ცენტრი გახსნა. გორის პროექტის ერთ–ერთი ინვესტორი “თანაინვესტირების ფონდია”, რომელმაც პროექტში 15 მლნ აშშ დოლარი ჩადო. ფონდში მიაჩნიათ, რომ მსოფლიოს ერთერთი წამყვანი ბიტკოინის მონაცემთა ბაზის არსებობა ქვეყანაში, საქართველოს გზას უხსნის მსოფლიოს ინოვაციური ტექნოლოგიების რუკაზე და ამასთან ეს  იქნება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექნის კარგი საშუალება.
ბიტკოინის სექტორი დინამიურად ვითარდება, შესაბამისად, ინვესტორებს იმედი აქვთ, რომ მაინინგ ცენტრის სტატუსი დაეხმარება საქართველოს გადაიქცეს მიმზიდველ ქვეყნად მაღალტექნოლოგიური კომპანიებისთვის.
როგორც კომპანია “ბიტფური ჯგუფის” საქართველოში წარმომადგენელი ეფრემ ურუმაშვილი ამბობს, ტექნოლოგიური ზონის განვითარების მთავარი მიზანია, მოიზიდოს საქართველოში მსოფლიოში არსებული თანამედროვე ცოდნა და პროგრესი, გაზარდოს არსებული ტექნოლოგიების შესახებ ინფორმირებულობა და საქართველო, როგორც პროგრესზე და ორიენტირებული მაღალტექნოლოგიური სიახლეების დანერგვაზე ორიენტირებული ქვეყანა, დაიტანოს მსოფლიო ბლოქჩეინის და ბიტკოინის რუკაზე. ბიტკოინ – მაინინგი გახდება საქართველოს ბილეთი და სავიზიტო ბარათი ახალი ტექნოლოგიების მსოფლიო რუკაზე, – აცხადებს ეფრემ ურუმაშვილი.
მისი თქმით, საქართველო მსხვილი ტექნოლოგიური პარკის გასათავსებლად კომპანიას შემთხვევით არ შეურჩევია. ამ გადაწყვეტილების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გახდა ინვესტორებისთვის მისაღები საინვესტიციო გარემო, ბიზნესის კეთების სიმარტივე, ხელმისაწვდომი და კვალიფიციური სამუშაო ძალის არსებობა, დაბალი გადასახადები და მიმზიდველი ფასი ელექტროენერგიაზე. ელექტროენერგია, ის რესურსია, რომელიც კრიპტოვალუტის წარმოებას დიდი რაოდენობით ესაჭიროება. გარდა ენერგო–რესურზე არსებული მისაღები ფასისა, მიმზიდველი არის ისიც, რომ საქართველოში განახლებადი ელექტროენერგიის, ანუ ჰიდროენერგეტიკის წილი უფრო იზრდება და ეს მიმართულება მტავრობის ეკონომიკური გუნდისგანაც მხარდაჭერილია.
ამ ეტაპზე კომპანიას მონაცემთა ორი ცენტრი აქვს, ერთი ისლანდიაში და მეორე, როგორც აღინიშნა, საქართველოში, კერძოდ გორში.

“ჩვენ ჯერ კიდევ ბიტკონ ტექნოლოგიის განვითარების საწყის ეტაპზე ვართ. ეს ეტაპი ძალიან ჰგავს ინტერნეტის განვითარების დონეს, მაგალითად, 1995 წელს. თუმცა, გლობალიზაციის ტრენდი, დარწმუნებული ვარ, მოიტანს ადაპტაციას და ბიტკოინის სწორად და სწრაფად გავრცელებას საქართველოში. ბიტკოინს ექსპერტები ახალ ინტერნეტ ვალუტასაც უწოდებენ.  საქართველოში ელექტრონული კომერციის (ინტერნეტ გაყიდვების) განვითარებასთან ერთად ბიტკოინიც სწრაფად გავრცელდება და იქნება კარგად რეალიზებული. თუმცა, გავიმეორებ, ჩვენ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვიმყოფებით”,
 

– ამბობს ეფრემ ურუმაშვილი
ჩვეულებრივი ვალუტებისგან განსხვავებით როგორიც არის, დოლარი, ევრო, ლარი, რომლებსაც გამოსცემენ ცენტრალური ბანკები თავიანთი მანდატის ფარგლებში, ბიტკოინის გამოშვება ნებისმიერს შეუძლია.
“ბიტფური” ერთერთი ლიდერი კომპანიია  ბიტკოინ–მაინინგისთვის ინფრასტრუქტურის წარმოებასა და კრიპტოვალუტით ტრანზაქციების მხარდაჭერაში.
ბიტკოინი ზღუდავს წვდომას თავის ვალუტასთან და ითხოვს სავალუტო გენერატორებს რთული ალგორითმების ჩასაშვებად. ალგორითმების ან “მაინინგების” დამუშავებას ფული ძირითადად ელექტროენერგიისთვის ესაჭიროება, რადგან კომპიუტერებისთვის ძალიან სწრაფი და მძლავრი პროცესორები და გაგრილების სისტემაა აუცილებელი. შესაბამისად, თუ ბიტკოინის საბოლოო ღირებულება ხარჯებზე მაღალია, მაშინ ბიტკოინ-მაინინგი მომგებიანია. რაც შეეხება შესაძლო ინფლაციის და დევალვაციის აღკვეთას, ამისთვის არსებობს ახალი ბიტკოინის შექმნის ან “მოპოვების” სპეციალური წესები.
საქართველოში ბიტკოინი უკვე ხელმისაწვდომია “ლიბერთი ბანკის” Emoney-ს საშუალებით.
“ბიტფური ჯგუფში” ფიქრობენ, რომ ახლო მომავალში, საქართველოში ბიტკოინის შეძენა შესაძლებელი გახდება ბიტკოინ-ბანკომატებიდანაც.
საინტერესოა, რომ ბიტკოინის გამოჩენიდან ამ ინდუსტრიის განვითარებაზე მსოფლიო მასშტაბით 860 მილიონ დოლარამდე ვენჩურული დაფინანსება გაიცა, ხოლო ამ ეტაპზე, მსოფლიოში 4500-ზე მეტი ბიტკოინ-სტარტაფი არსებობს.
საქართველოში ბიტკოინის ტექნოლოგიურ მონაცემთა ახალი ცენტრების ამოქმედებას მსოფლიო ეკონომიკური პრესაც ეხმაურება. მიმდინარე პროცესს საინტერესო უწოდეს Yahoo Finance-ის Marke Watch–ისა Wall Street Journal-ის ეკონომიკურმა ანალიტიკოსებმა.
სადღეისოდ ბიტკოინის მომხმარებელთა რაოდენობა მსოფლიოში 9 მილიონს აღწევს. ერთი წლის წინ ეს ციფრი 3 მილიონს შეადგენდა. 100 ათასამდე ობიექტმა უკვე მიიღო ბიტკოინი გადახდის ფორმად. მათ შორის არიან მსხვილი კომპანიები და ვებ-საიტები Overstock.com, Dell, Wikipedia, Virgin Galactic, Expedia, Newegg, Bloomberg, OkCupid, Cheapair.com და Redit უკვე ძალიან ბევრი კაფე, მაღაზია თუ რესტორანი მსოფლიო, მასშტაბით, იღებს ბიტკოინით ანგარიშსწორებას.  მისივე თქმით, ბიტკოინის მზარდი პოპულარობის განმაპირობებელი ერთ–ერთი ფაქტორი ისიც არის, რომ ტრანზაქციის მოსაკრებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე Visa ან Mastercard-ით სარგებლობისას.
“ბიტფურის” გორში დასაქმებული ჰყავს საქართველოს 25 მოქალაქე და თბილისში გაფართოვების შემდეგ თანამშრომელთა რაოდენობის გაორმაგებას აპირებს. კომპანიას ახალი ტექნო პარკის მშენებლობა უკვე დაიწყებული აქვს.
გიორგი პიპინაშვილი
წყარო : http://bfm.ge/biznesi/bitkoin-mainingi-saqartvelos-bileti-akhali-teqnologiebis-msoflio-rukaze/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved