კომპანია Bitfury საქართველოში მეგამონაცემთა ცენტრში 100 მილიონ დოლარს დებს

Home » არაკატეგორიზირებული » კომპანია Bitfury საქართველოში მეგამონაცემთა ცენტრში 100 მილიონ დოლარს დებს
20/11/2015
კომპანია Bitfury საქართველოში მეგამონაცემთა ცენტრში 100 მილიონ დოლარს დებს

კომპანია Bitfury საქართველოში 100-მილიონდოლარიანი ინვესტიციით შემოდის – თბილისში მეგამონაცემთა ცენტრისა და პირველი ტექნოლოგიური პარკის მშენებლობა იგეგმება.
ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურის მიმწოდებლებს შორის მსოფლიოში წამყვანი კომპანია BitFury Group საქართველოში უკვე მეორე საპროცესინგო მონაცემთა ცენტრს აშენებს, ამჟამად თბილისში. იგი BitFury Group-ის მასშტაბური პროექტის, საქართველოს ტექნოლოგიური პარკის ნაწილი იქნება.
კომპანია ტექნოლოგიურ პარკს თბილისში, გლდანში, სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან შეძენილ 18 ჰა მიწის ნაკვეთზე გააშენებს.
„საქართველო ამ სიახლით 3 ძირითად სარგებელს მიიღებს – 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების შემოსვლას ქვეყანაში და ადგილს ინოვაციური ტექნოლოგიების მსოფლიო რუკაზე“, – ამბობს Bitfury Georgia-ს წარმომადგენელი ეფრემ ურუმაშვილი.
ამ ეტაპზე კომპანიას მონაცემთა ორი ცენტრი აქვს, – ისლანდიასა და საქართველოში, კერძოდ, გორში.
ბიტკოინ-მაინინგის ბაზრის ლიდერი კომპანია Bitfury საქართველოში 2014 წლიდან მოღვაწეობს. პირველი პროექტი საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
„მაინინგს ფული, ძირითადად, ელექტროენერგიისთვის სჭირდება, რადგან კომპიუტერებს სწრაფი და მძლავრი პროცესორები და გაგრილების სისტემა სჭირდებათ. თუ ბიტკოინის საბოლოო ღირებულება ხარჯზე მაღალია, მაშინ ბიტკოინ-მაინინგი მომგებიანია. საქართველო ამ მიმართულებით მიმზიდველია, რადგან აქვს იაფი ელექტროენერგია და ღია მარეგულირებელი გარემო“, – განმარტავს ეფრემ ურუმაშვილი.
იქიდან გამომდინარე, რომ ბიტკოინ-მაინინგი ტექნოლოგიური სიახლეა,   Bitfury Georgia-ს წარმომადგენელ ეფრემ ურუმაშვილს დაუკავშირდით, რომელმაც ტერმინებისა და ამ ნოვაციის მნიშვნელობაზე განმარტებები მოგვაწოდა:
„ბიტკოინი ციფრული ვალუტის სახეობაა, რომელიც ელექტრონულად იქმნება და ელექტრონულად ინახება. ტრადიციული ვალუტებისგან განსხვავებით, რომლებსაც ბეჭდავენ (მაგ.: დოლარი, ევრო), ბიტკოინს აწარმოებენ ფიზიკური პირები ან კომპანიები სპეციალური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, რომლებიც, თავის მხრივ, მათემატიკური ამოცანების/ალგორითმების ამოსახსნელად შეიქმნა.
ბიტკოინის პროტოკოლი 2008 წელს კომპიუტერული პროგრამების დეველოპერმა სატოში ნაკამოტომ შექმნა. ეს არის მათემატიკურ ალგორითმებზე დაფუძნებული ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა. მთავარ მიზანს წარმოადგენდა ისეთი ვალუტის შექმნა, რომელიც იქნებოდა: 1. აბსოლუტურად დამოუკიდებელი ნებისმიერი ცენტრალური მარეგულირებელი ინსტიტუტისგან; 2. ელექტრონულად გაგზავნადი, წამიერი სისწრაფის ტრანზაქციებით; 3. ძალიან დაბალი საკომისიო მოსაკრებლით.
ბიტკოინით, მსგავსად ტრადიციული ვალუტებისა (დოლარი, ევრო, იენი და ა.შ.) შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტის თუ სერვისის ელექტრონულად შესყიდვა. თუმცა განსხვავებით ჩვეულებრივი ვალუტებისგან ბიტკოინი გამოირჩევა დეცენტრალიზებით. ბიტკოინის ქსელის გაკონტროლება არც ერთ ინსტიტუციას არ შეუძლია. აღნიშნული მახასიათებელი ბიტკოინის მომხმარებლებს მნიშვნელოვნად უმარტივებს ტრანზაქციების პროცესს, რადგან აბსოლუტურად დამოუკიდებელს ხდის მას მსხვილი ბანკებისგან.
ბიტკოინი არ ეფუძნება ოქროს. ბიტკოინი ეფუძნება მათემატიკას“.
www.liberali.ge
წყარო : http://bfm.ge/finansebi/kompania-bitfury-saqartveloshi-megamonacemta-centrshi-100-milion-dolars-debs/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved